Strategic and visual rebranding of Progress American Schools
24 წლის წინ „პროგრესი“ თამამი იდეითა და გადაწყვეტილებით დაიწყო: შეგვექმნა გარემო და განათლების მოდელი, სადაც განათლება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკადემიური ცოდნით და თანაბრად მოიცავდა ბავშვის პიროვნულ, სოციალურ და შემოქმედებით განვითარებას.
ამ იდეასთან ერთად ვიზრდებოდით ჩვენც - პროგრესის ამერიკული სკოლების ქსელი დღეს უკვე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთიან მრავალსაფეხურიან საგანმანათლებლო ეკოსისტემას აერთიანებს. დაგვიგროვდა გამოცდილება, გაფართოვდა შესაძლებლობები და კიდევ უფრო მკაფიო გახდა ჩვენი მთავარი მიმართულება - ვქმნით უწყვეტ, ჰოლისტურ და ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისთვის ამზადებს და მათ გლობალურ მოქალაქეებად და ლიდერებად აყალიბებს.

„ჩვენთვის უწყვეტობა ნიშნავს განათლებას, რომელიც ცალკეულ საფეხურებად არ იყოფა და ბავშვის განვითარების ერთიან, სრულ გზას ქმნის. ჰოლისტური მიდგომა კი გულისხმობს, რომ აკადემიურ ცოდნასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა, სოციალური და ემოციური უნარები, დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. „პროგრესის“ დღევანდელმა მასშტაბმა დაგვანახა, რომ ეს საგანმანათლებლო ფილოსოფია ერთიან და მკაფიო ბრენდ-სტრატეგიადაც უნდა ჩამოგვეყალიბებინა. ამ პროცესში კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრა ჩვენი ხედვაც - ვზრდით ლიდერებს, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას, რომელიც ქმნის პროგრესს.“ - ნინა ჩიკვაჩვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნელებლი და გენერალური დირექტორი
მშობლები, რომლებიც შვილების განათლებას გვანდობენ, „პროგრესისგან“ ელიან ხარისხს, სტაბილურობასა და გარემოს, სადაც პროგრესელებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების სრული მხარდაჭერა აქვთ. ჩვენი ამოცანაა, ეს ნდობა ყოველდღიურ გამოცდილებად ვაქციოთ - ისე რომ ხარისხი, მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობები მოსწავლის მთელ საგანმანათლებლო გამოცდილებაში იგრძნობოდეს. სწორედ ამ პრინციპზე დგას „პროგრესი“ შექმნის დღიდან. ახალი ბრენდ-სტრატეგია კი საშუალებას გვაძლევს, ის კიდევ უფრო თანმიმდევრული გავხადოთ და ვაქციოთ ჩვენი საქმიანობის საფუძვლად.
როდესაც ბრენდის არსი მკაფიო გახდა, საქმეში კრეატიული სააგენტო „Windfor’s” ჩაერთო და ეს სტრატეგია ახალ ვიზუალურ იდენტობაში გადავიტანეთ. ჩვენი მიზანი იყო პროგრესის 24 წლიანი ისტორია, დღევანდელი მასშტაბი და მომავლის ხედვა ახალ ვიზუალურ ენაში გამოგვეხატა.
პროგრესის ლოგოს მთავარი ელემენტი ახლა გერბია, რომლის ცენტრალური ფიგურაა ფასკუნჯი — ქართული მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც ძალის, გამარჯვებისა და აღმასვლის იდეას ატარებს. ამასთან, ფასკუნჯის სიმბოლიკა ორგანულად ეხმიანება საერთაშორისო ჰერალდიკურ ტრადიციას — გრიფონისა და ფენიქსის უნივერსალურ არქეტიპებს. გრიფონი ტრადიციულად სიბრძნისა და სიმტკიცის, ფენიქსი კი მუდმივი განახლებისა და ახალი დასაწყისის იდეას უკავშირდება.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ განახლებული ვიზუალური იდენტობა პროგრესის ისტორიასაც ინარჩუნებდეს. ამიტომ ძველი ლოგოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი — პირამიდა — ახალ სიმბოლოშიც გვხვდება და ფასკუნჯის ფრთაშია ინტეგრირებული. ის, რაც წლების განმავლობაში ზრდასა და წინსვლას გამოხატავდა, ახლა ახალი სიმაღლეებისკენ ფრენის ნაწილად იქცა.
ისტორიული კავშირი შევინარჩუნეთ ფერთა პალიტრაშიც. „პროგრესისთვის“ კარგად ნაცნობი ნარინჯისფერი კვლავ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფერია და ენერგიას, შემოქმედებითობასა და ჩვენს ისტორიასთან კავშირს გამოხატავს. მას დაემატა ღია ცისფერი — თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ახალი ჰორიზონტების იდეით; ყავისფერი — სიმყარის, ტრადიციისა და სტაბილურობის ნიშნად; და შავი, რომელიც საერთო სისტემას სიზუსტესა და თანამედროვე ხასიათს სძენს.
თუმცა ახალი იდენტობა მხოლოდ გერბითა და ფერებით არ შემოიფარგლება. შეიქმნა ერთიანი ტიპოგრაფიული სისტემა, ფოტოგრაფიის ახალი მიმართულება და ჰერალდიკური ფორმებიდან განვითარებული გრაფიკული ელემენტები, რომლებიც „პროგრესის“ ვიზუალურ ენას სხვადასხვა გარემოში აერთიანებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ვიზუალური რებრენდინგის მთავარი ღირებულებაა „პროგრესის“ ისტორია, ღირებულებები და მომავლის ხედვა ახალ ვიზუალურ ენაში მკაფიოდ იკითხებოდეს. თუმცა მთავარი უცვლელი რჩება - განათლება, რომელიც მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება, ამზადებს მას გლობალური სამყაროსთვის და აძლევს ცოდნას, უნარებსა და პასუხისმგებლობას, რომ მომავალში თავადაც გახდეს პროგრესის შემქმნელი.
