მისასალმებელი სიტყვა
ქართულ რეალობაში, სწავლების თანამედროვე მეთოდებითა და გლობალური პერსპექტივით, 2002 წლისთვის ახალი სკოლის დაარსება უზარმაზარი გამოწვევა იყო. სიახლის დამკვიდრების გზაზე ჩვენ წავაწყდით ტრადიციონალისტების სკეპტიციზმს, ბიუროკრატიულ გამოწვევებსა და სირთულეებს. მიუხედავად დაბრკოლებებისა ჩვენი მაღალი ინტერესი ინოვაციებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართ არ განელებულა. პირიქით, ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც პრიორიტეტად ვაქციეთ სწავლების უახლესი მეთოდოლოგიის, ინტეგრირებული ტექნოლოგიების დანერგვა და ხელი შევუწყეთ ინკლუზიური გარემოს შექმნას სასკოლო სივრცეში.
პროგრესის ისტორია ქუთაისში, 2002 წელს დაიწყო, სადაც თანამედროვე სწავლების პიონერები გავხდით. მეთოდოლოგია, როგორიცაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სიახლე იყო საგანმანათლებლო სივრცეში. ინოვაციურმა მიდგომებმა მოსწავლეებში არა მხოლოდ გააძლიერა კრიტიკული აზროვნების უნარები არამედ სწავლა გახადა უფრო საინტერესო და ინტერაქციული.
ჩვენ შემოვიღეთ კოდირებისა და რობოტიკის სწავლება ადრეული ასაკიდან, რაც ჩვენს მოსწავლეებს აუცილებელი ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მიდგომებმა, ინსტრუმენტებმა და მეთოდებმა გაკვეთილები უფრო დინამიური გახადა.
საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პროგრამებს და პროგრესულ საგანმანათლებლო სტრატეგიებს. განათლების მიღების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს. მისი შეწყვეტის შემთხვევაში შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ამ მთავარ კონცეფციას ჩვენი სამივე სკოლა თანაბრად იზიარებს.
პროგრესის ისტორიის ყველაზე დიდი მიღწევა პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, ინოვატორი და საერთო იდეის მატარებელი გუნდის შეკრება იყო. ერთია, როცა ლიდერი თვითონ ვითარდება და მეორე, როცა სხვასაც აძლევს განვითარების საშუალებას.
მომავლისთვის ჩვენი მიზნები სცდება საქართველოს საზღვრებს. ჩვენ გვსურს დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს მიღმა და სხვადასხვა ქვეყანაში დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლება.